თამთა ქარჩავა

თამთა ქარჩავა

რუსეთ-საქართველოს შორის ვითარება იძაბება. რუსულმა მხარემ საქართველოსთან ინფორმაციული ომი გააქტიურა. კრემლი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის გაუქმებას ითხოვს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი კი ამბობს, რომ საზღვრისპირა მცხოვრები მოსახლეობისთვის უმოკლეს პერიოდში 200 ხის კოტეჯი უნდა დადგას. ამის პარალელურად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სოციოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი ალექსანდრე დუგინი აცხადებს, რომ რუსეთი მზად არის საერთო საკითხები ძალისმიერი გზით გადაწყვიტოს.

მისივე განცხადებით, რუსეთი სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს და ცხინვალთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, ისე ურთიერთობს, რომელსაც მისვე მტკიცებით, შეუძლია საკუთარი საზღვრების დემარკაცია განახორციელოს.

„ჩვენს გარდა არავინ აღიარებს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. თუმცა ჩვენ უნდა გავუძლოთ, რადგან ამ მიმართულებით რუსეთზე პერიოდულად იურიდიული, პოლიტიკური და დიპლომატიური შეტევები იქნება. ჩვენ ძალიან სწორი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ. ზნეობრივი თვალსაზრისით, ჩვენ მთელი ერი გენოციდისგან ვიხსენით.

მეორე, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევრაზიულ სივრცეში გადაწყვეტილების მიმღები არა მხოლოდ ერთი ცენტრი - ვაშინგტონი და მისი სატელიტები არსებობს, არამედ სულ მცირე ორი და ჩვენ მზად ვართ, სადავო საკითხები, აუცილებლობის შემთხვევაში, ძალისმიერი გზით გადავწყვიტოთ.

ჩვენ ძალას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ვიყენებთ, როდესაც მოსახლეობის გენოციდი საფრთის ქვეშაა, მაშინ, როდესაც ამერიკელები ძალას თითოეული ხელსაყრელი საბაბით მიმართავენ. 2008 წლის აგვისტოში მოკრძალებულად შემოვიფარგლეთ, ჩვენ გავათავისუფლეთ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი და ამიტომ, პასუხს ვაგებთ მათ საზღვრებზე,“ - აცხადებს დუგინი.

მისივე განცხადებით, მარტივია როგორ უნდა გადაწყდეს სიტუაცია. თუ საქართველო ევრაზიის კავშირში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაწევრიანდება, მაშინ ევრაზიის კავშირშის ფარგლებში საზღვრების დემარკაციის საკითხები როგორც ერთიანი პოლიტიკური სივრცის ტერიტორიაზე, მნიშვნელობას კარგავს, ისევე, როგორც მაგალითად, ევროპაში.

„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევრაზიის კავშირში გაწვრიანდება. ერთადერთი საშუალებაა, მოვილაპარაკოთ. საკმარისია, ზეწოლის ასეთი ფორმით მოწყობა. ეროვნული სახელმწიფო არ გამოგივიდათ, ისევე როგორც არავის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ, ვუბრუნდებით განვითარების სწორ მოდელს - ერთობლივ ტრანსნაციონალურს რეგიონულ კონტექსტში.

ამიტომ, თუ თქვენ არ გსურთ, ჩვენ დროებით დემარკაციას განვახორციელებთ, შემდეგ ამ საზღვრების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გახდება, ან საერთოდ ნულამდე დავიყვანოთ. თუმცა, ჯერჯერობით, ვიღაცა კვლავ ცდილობს ჩვენთან კარტის გათამაშებას ძალისმიერი ზეწოლით. ამიტომ, ივანიშვილო, მოდით, ააშენეთ რუსეთთან ურთიერთობები, ნუ ვიკამათებთ საზღვრების გამო. მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს სამხრეთ ოსეთში, რომ დემარკაცია არ იჩქარონ. ანუ, ქართველებმა კეთილი ნების დემონსტრირება უნდა მოახდინონ და არა ზეწოლას ეცადონ,“ - ამბობს ალექსანდრე დუგინი.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, რუსეთმა საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვს.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გავიდეს იმ პოზიციაზე, რომელზეც 2008 წლის 7 აგვისტომდე იყვნენ, მათი და ჩვენი მოთხოვნა ლეგიტიმურია, რასაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს. ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი იქნება, რუსეთმა საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვს,“ - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე გია ვოლსკი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არ უნდა მივიღოთ ღიად და ზუსტად იმად, რასაც მათი სტრატეგია ითვალისწინებს.

„ახლა ძალისმიერი უპრატესობა მათ მხარეს არის. ჩვენ მხარეს არის სიმართლე და საერთაშორისო მხარდაჭერა. საქართველოს მხარემ თავისი პოლიტიკური თამაში უნდა ითამაშოს იმ მოცემულობიდან, რაც გაგვაჩნია. არ უნდა ჩავერთოთ ამ განცხადებებით ბრძოლის თემაში. ვინაიდან, ამის უკან შეიძლება სხვა მიზნები, სხვა გეგემები დევს. ამიტომ, განცხადებებით ბრძოლას, ვარჩევდი ინტენსიურ მუშაობას. რათა პროცესები გახდეს ღია და ინტერნაციონალიზებული,“ - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ექსპერტი მამუკა არეშეიძე თვლის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების პროცესი არის ორმხრივი და შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულწილად სხვადასხვა უწყებები ურთიერთობას ვერ არკვევენ. ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებას. ყველა ელოდება რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელიც პროცესში არ ერევა. აქიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლება ზონდაჟის პრინციპით მოქმედებს და არ ცდილობს ერთიანი სტრატეგია შექმას საქართველოს მიმართ. გადაწყვეტილება ვითომ მიღებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა გეგმა.

ამიტომაც ხდება ეს ამბავი. ამ სიტუაციაში დაბნეული ონიშენკო ხან რას ამბობს და ხან - რას. ვერ გაიგო რა გააკეთოს. ხელისუფლების მხრიდან მკაფიო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მივდივართ, თუ მივდივართ საერთოდ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული და რუსული მხარე ზონდაჟის რეჟიმში იმყოფება და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ერიდება,“ - ამბობს for.ge-სთან საუბრისას მამუკა არეშიძემ.

კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ახლა გადაადგმევინოს უფრო მკვეთრი ნაბიჯი იმ მიმართულებით, რაც რუსეთის ინტერესებშია.

„რუსეთის ინტერესშია, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დემოუკიდებელი სახელმწიფოები, ანუ წავიდეს ამ ნაბიჯზე, თუ არადა მაშინ ალტერნატივას რუსეთი გვთავაზობს იმით, რომ კონფედერაცია შეიქმნება საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, მაგრამ ევრაზიის ფარგლებში, რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამისკენ მიდის ახლა საუბარი. თუმცა კონფედერაციის თაობაზე პირდაპირი შემოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ეს არის იმის სანაცვლოდ, რომ საქართველო ცალსახად გადავიდეს რუსეთის გავლენის სფეროში და ამის მერე შესაძლებელია ასეთი რამ შემოგვთავაზონ.

ამას არა აქვს რაიმე დამაჯერებელი საფუძველი, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი განწყობილია ყოველგვარი ურთიერთობის გათიშვაზე და არა ურთიერთობის აწყობაზე. კიდევაც, რომ რუსეთმა მოინდომოს, ააგოს ერთიანი რეგიონალური კონფედერაცია, სადაც საქართველო იქნება ერთ სამართლებლივ სივრცეში მოქცეული აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ეს მაინც განწირულია, ეს მაინც არ გამოვა.

ეს არის მოსინჯვა სხვადასხვა ვარიანტების, რომლითაც გვიზღუდავენ მოქმედების არეს და გვაჩვევენ იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ აგვისტოს შემდგომ სტატუს-კვოს და ამავე დროს ვიფიქროთ იმაზე, რომ შევცვალოთ ჩვენი ორიენტაცია უკვე რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ადგილი აქვს ნიადაგის მოსინჯვას. თუ საქართველო დარჩა თავის პოზიციაზე, რომ ის აპირებს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, არ აპირებს უარი თქვას ევოატლანტიკურ ინტეგრაციაზე და არ აპირებს რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრას, ამის შემდეგ დაიწყება სხვა ვარიანტების ძიება, როგორ შეიძლება მომავალში აიგოს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის,“ - აცხადებს გოგი ხუციშვილი.